|
|
|||||
|
|
|||||
| უკან | |||||
|
სვეტიცხოველი 1010-1029 წწ. |
|||||
|
სვეტიცხოველი მდებარეობს მცხეთაში, თბილისიდან 20 კმ-ზე. სვეტიცხოველი გეგმაში წარმოადგენს ჯვარს მოკლე განივი მკლავებით და გრძივი ჭრილებით. აღმოსავლეთის მკლავი თავდება აფსიდით. გუმბათი ოთხ მძლავრ ბოძს ეყრდნობა. გუმბათის ყელში 16 სარკმელია. ძველი ფრესკების უმეტესობა აღარაა შემორჩენილი. მოღწეული ჩუქურთმები მდიდარი და მრავალფეროვანია. სუფთად ნათალი ქვებით მოპირკეთებული ფასადები მდიდრულადაა მორთული. ტაძრის შიგნით, გუმბათის მახლობლად სვეტებზე დაყრდნობილი კოშკისებური ნაგებობა - ეს არის საკუთრივ "სვეტიცხოველი". აქ ინახებოდა სასწაულმოქმედი სვეტის ნაწილი, რომლის ქვეშაც მარხია კვართი უფლისა. სამხრეთ მხარეს, შესასვლელიდან მადჯვნივ ქვის პატარა სამლოცველო იერუსალიმის ტაძრის გამოსახულებაა. გალავანი 1787 წელს აუგიათ ერეკლე II - ის ბრძანებით. დასავლეთით მოთავსებულია სამრეკლო და XI ს-ის კარიბჭე - არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუში. საუკუნეების განმავლობაში ტაძარი იყო მეფეთა საძვალეც. აქ არიან დასაფლავებული: ვახტანგ გორგასალი, ერეკლე II, საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი XII და სხვა დიდებულები. იგი იმითაცაა
მნიშვნელოვანი, რომ მასში განისვენებს კვართი უფლისა იესო ქრისტესი. იგი არის
ერთიანი საქართველოს სიმბოლო: 337 წელს ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, პირველ ქრისტიან მეფეს მირიანს ნინო განმანათებლის რჩევით, განუძრახავს ტაძრის აგება იქ, სადაც დაკძალული იყო კვართი უფლისა. მოუჭრიათ საფლავზე ამოსული ხე და მისგან შვიდი სვეტი გამოუთლიათ. ექვსი სვეტი აღუმართავთ, მეშვიდე კი - ყველაზე დიდი და გაბრწყინებული მიწას არ მიჰკარებია, ჰაერში ჩამოკიდულა, ანათებდა, გამოსცემდა სურნელს, ხოლო ძირიდან წარმოსდინდებოდა მირონი, რომელიც ყველა სენს კურნავდა. სწორედ ეს იყო "სუეტი ცხოველი" - სიცოცხლის მომნიჭებელი სვეტი, რომელის სახელიც ეწოდა ტაძარს. შემდეგში ამ
პირველი, ხის ეკლესიის ადგილას V ს-ის ბოლოს ვახტანგ გორგასალმა ააშენა
ბაზილიკური ტიპის ქვის დიდი ეკლესია, 1010 - 1029 წლებში კი კათალიკოს
მელქისედეკის თაოსნობით ხუროთმოძღვარმა არსუკიძემ ააგო ახლანდელი დიდი
სვეტიცხოველი. |
|||||
|
Copyright © 2004 of
Lasha Gabelia. All rights reserved |
|||||